„ნაცმოძრაობის“ და დავით უსუფაშვილის შეთანხმებით, 2016 წელს საქართველოს ესტუმრა დუმის ექვსი წევრი, მათ შორის სლუცკი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური დეპუტატია” – ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ და დავით უსუფაშვილის შეთანხმებით, 2016 წელს საქართველოს ესტუმრა დუმის ექვსი დეპუტატი, მათგან სამს დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა რუსულ დელეგაციას მადლობა გადაუხადა, როდესაც ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ და დავით უსუფაშვილის შეთანხმებით, 2016 წელს საქართველოს ესტუმრა დუმის ექვსი დეპუტატი, მათ შორის ეუთოს ასამბლეის ფარგლებში და მათგან სამს დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი. მათ შორის იყო სლუცკი, რომელიც დუმის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური დეპუტატია. ცალსახად „ნაცმოძრაობის“ თანხმობა იყო მათ ჩამოსვლაზე საქართველოში, უსუფაშვილი და ნაცმოძრაობა შეთანხმდნენ ამაზე. გახსოვთ თქვენ გიგი წერეთლის მადლობა „ეფესბეს“ ყოფილი დირექტორის, კოვალოვის მიმართ, როდესაც რუსულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა მას პრეზიდენტად არჩევის დროს. დღეს ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ მათთვის მიუღებელია პოზნერის ვიზიტი“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუძინეს.

მსგავსი თემები