“მოქალაქეების პროტესტით ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისარგებლა” – პრემიერი პოზნერის ვიზიტზე

პრემიერ-მინისტრი პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს.

ამჯერადაც, “ნაციონალური მოძრაობის” და კერძოდ, სააკაშვილის მიზანია, რა თქმა უნდა, დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი  ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც, ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ტურისტების შემოსვლას, მით უმეტეს ამ ვითარებაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ტურისტული სექტორისთვის, ისე ზოგადად, ეკონომიკის აღორძინებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის.

რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, ისინი მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით,” –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები