„ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი, რადგან ბრძოლა გვიწევს რუსეთის ხელდასმულ და ხელისუფლება მიტაცებულ სინდიკატთან“ – ოპოზიციის შეფასებები

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ევროსაბჭოს მედიაციით გამართულ მოლაპრაკებების რაუნდებს ეხმაურებიან.პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ზურაბ ნადირაძე „მედიაცენტრ მთავრთან” აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სასაუბრო რესურსი ამოწურა:

„ევროსაბჭოს მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე ცალსახად დადასტურდა, რაც აქამდეც ნათელი იყო, რომ ხელისუფლება ცდილობს მოლაპარაკებების ჩაშლას, მინიმუმ მარგინალურ ჭრილში გადატანას და ის საკითხები, რომლებიც ვითომდა კომპრომისითვის იქნა გამოყენებული (სასამართლო და საარჩევნო სისტემის რეფორმა, 20 ივნისის თემის ამნისტირება), მხოლოდ მანიპულაციაა მეტი არაფერი და ვერც ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად გამოდგება.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ საკვანძო საკითხებზე პრინციპული დამოკიდებულებით (რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრები) კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იქნება შეუვალი, ქვეყნისთვის და კრიზისის დასაძლევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ხელისუფლების არაადეკვატურობის ფონზე, ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ თანმიმდევრულ და დემოკრატიულ მიდგომებშია. გაერთიანებული ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებთან და ამომრჩეველთან ერთად გააგრძელებს მწვავე პროტესტს აქციების სახით და კონსულტაციებს მოსახლეობასთან, რათა ხალხის ხმა და გასაჭირი მეტად მობილიზებულად და მწვავედ ესმოდეს ხელისუფლებას, „ – აღნიშნავს ზურაბ ნადირაძე „მედიაცენტრ მთავართან.“

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ბრძოლის ახალი და უფრო რთული ეტაპი იწყება, ნადირაძემ მათი პარტიის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეც გაიხსენა:

„ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი, რადგან ბრძოლა გვიწევს რუსეთის ხელდასმულ და ხელისუფლება მიტაცებულ სინდიკატთან. ქვეყანაში შექმნილი პანდემიური და ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, გადამწყვეტი ბრძოლის მობილიზებას დრო და რესურსი სჭირდება, რასაც აუცილებლად შევძლებთ ხალხთან ერთად საბოლოო მიზნის მისაღწევად.

გუშინ გამოქვეყნდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავესი დასკვნა, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი დიდი ადგილი ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის ფაქტებს უკავია, მათ შორის ჩვენი პარტიის “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურად მოტივირებული ორი საქმეა, 15 წლის წინანდელი ბუტა რობაქიძის, სადაც ირაკლი ოქრუაშვილს თანამდებობრივ გადამეტებას ედავებიან(!) და 20 ივნისის საქმე, რომელ შეკერილ საქმეზეც იგი 10 თვე ციხეში იჯდა და პოლიტპატიმრის სტატუსით 8 მარტის შეთანხმებით გათავისუფლდა,“ – განაცხადა ნადირაძემ.

მსგავსი თემები