მუხრანში 2 მილიონამდე ღირებულების საბავშვო ბაღი გაიხსნა

ახალი განაცხადი მცხეთის მუნიციპალიტეტში- დღეიდან სოფელ მუხრანს ევროპული, თანამედროვე სისტემებითა და ტექნიკით აღჭურვილი, უმაღლესი დონის საბავშვო ბაღი მოემსახურება. როგორც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, მუხრანის საბავშვო ბაღის გახსნა სწორედ 2016 წლის საარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შესრულებულია.

„საბავშვო ბაღი, რომელიც დღეს გავხსენით, მთელ ქვეყანაში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტია. პროექტის ღირებულება მილიონ 674 000 ლარია. საბავშვო ბაღი 180 ბავშვს ემსახურება, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა  გათვლილი.  ის სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. აღჭურვილია უმაღლესი დონის საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ემსახურება 2 ლიფტი. გარდა იმისა, რომ ბაღი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ემსახურება, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დასაქმდა 44 ადამიანი, რომელთა უკან ოჯახები დგანან. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ 2016  წლის ეს წინასაარჩევნო დაპირება შესრულებულია“, –  აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატის შეფასებით, ქვეყანაში, სადაც დემოგრაფიული პრობლემები საკმაოდ მაღალ დონეზეა, მსგავსი პროექტების განხორციელება აუცილებელია. როგორც ხუნდაძე აღნიშნავს,  2012 წელს რაიონში საბავშვო ბაღში სულ 700 ბავშვი დადიოდა, დღეს კი მათი რაოდენობა 2200-მდე გაიზარდა.

„რამდენიმე კვირაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ნატახტარშიც გაიხსნება, რომელიც 130 ბავშვს მიიღებს. ამ  მიმართულებით მცხეთა ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტია და შეგახსენებთ, რომ  ბოლო პერიოდში 10-ზე მეტი საბავშვო ბაღი გავხსენით“, – აცხადებს დეპუტატი.

დეპუტატის თქმით, მუხრანში და არა მხოლდ მუხრანში, უახლოეს პერიოდში, კიდევ ბევრი სიახლე იგეგმება.

ღონისძიებაში მონაწილეობა სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა მცხეთა მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგიტა კაპანაძემ, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმადგენლებმა მიიღეს.

მსგავსი თემები