„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის თბილისში ადგილები უკვე შეივსო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის პორტალზე დასარეგისტრირებლად, თბილისში ადგილები უკვე თითქმის არ არის. რეგიონებში კი ადგილები ჯერ კიდევ დარჩენილია.

„ფაიზერით“ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. აღნიშნულმა  გამოიწვია გარკვეული შეფერხებები. ვმუშაობთ ტექნიკურ ჯგუფთან, რომ დაჩქარდეს პასუხის გაცემა, რათა მომდევნო დღეებშიც თუ იქნება ასეთი აქტივობა, მოლოდინის რეჟიმი იყოს მინიმალური. „ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში, არის ადგილები ქუთაისსა და ბათუმში. ველოდებით მონაცემს, რამდენი დოზა „ფაიზერი“ დარჩება“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.  

მისივე თქმით, „ფაიზერი“ ყველას მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს და ეს შეუძლებელიცაა.

„დაახლოებით სამი ათასამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში. დამატებითი დრო იქნება გამოყოფილი, რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა. თუმცა „ფაიზერი“ ყველას მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და გამოიყენონ ის ვაქცინა, რაც ქვეყანაში არის“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

“ფაიზერის” ვაქცინაზე სულ რეგისტრირებულია 9 000 ადამიანი.

მსგავსი თემები