“ვიმყოფებით ფაზაში, რომელიც გარკვეულწილად არის მესამე ტალღის დასაწყისი” – ეკატერინე ტიკრაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანა იმყოფება ფაზაში, რომელსაც გარკვეულწილად შეიძლება მესამე ტალღის დასაწყისი ეწოდოს. მისი თქმით, ეპიდემიოლოგებს უკვე ოფიციალურად შეუძლიათ გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი:

“დიახ, ეს არის გარკვეულწილად იმის საწყისი და იმის ნიშანი, რომ შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ფაზის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ნუ უგულებელყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენ დღესდღეობით გაგვაჩნია და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის პირბადე, ეს არის სოციალური დისტანცია და ეს არის პირადი ჰიგიენა და ასევე, ეს არის, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვა”, – უთხრა ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 26 მარტის 14 საათის მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფექციაზე 4344 ადამიანია აცრილი, რეგისტრირებულია 11 273 პირი.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 6 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 341 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 419 შემთხვევა. ყველაზე მეტი – 203 – თბილისში.

მსგავსი თემები