„ჩვენი ამოცანაა, ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა“ – თბილისის მერია

„როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ, ბაგები-წყნეთის გზის ერთ-ერთ მონაკვეთში გამოვლინდა მეწყრული ზონა, ჩამოიშალა მიწის მასა და გზაზე გადაადგილებას შეექმნა საფრთხე. გუშინვე ოპერატიულად დაიგეგმა სამუშაო პროცესი, შეიზღუდა საგზაო მოძრაობა და საღამოს 9 საათიდან, მერიის შესაბამისი სამსახურები შეუდგნენ ჩამოშლილი მიწის მასის გატანის და დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოებს. კედლის მოწყობა დილისთვის დასრულდა და აღდგა როგორც გზის უსაფრთხოება, ისე ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა,“ – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თბილისი მერის მოადგილემ განაცხადა.

„ დედაქალაქში გვაქვს სხვადასხვა მეწყრული ზონები, მათ შორის, წყნეთის გზაზე, სადაც მიწის ჩამოშლა, კონკრეტულად ამ მონაკვეთში, პირველად არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, გასული წლების განმავლობაში ბაგები-წყნეთის გზის  რამდენიმე ლოკაციაზე მოეწყო უსაფრთხოების კედლები.

შარშანდელთან შედარებით, ამჯერად ჩამოშლილი იყო მიწის დიდი მასა და  შემჭიდროვებულ ვადებში სამუშაო უფრო რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, წუხანდელი უწყვეტი მუშაობის შედეგად, პრობლემა აღმოფხვრილია და ამ ეტაპზე გზაზე გადაადგილება  უსაფრთხოა. შემდგომი ეტაპის გამაგრებითი სამუშაოების მიზნით, მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, რათა პრობლემა სრულად აღმოიფხრას.

რაც შეეხება მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონას, სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით დაიდო პირველადი გეგმა და ვიწყებთ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას.

პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს,  დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევამციროთ. ასევე, მომავალ კვირის ბოლოს, დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ მეწყრული ფერდის გამაგრებითი სამუშაოები.

რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ საფრთხე შეიქმნება, დაუყონებლივ  იქნება მიღებული პრევენციული ზომები. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს მუდმივი, უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ აქვთ ყველა ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით,“  – განაცხადეს მერიაში.

მსგავსი თემები