“ქართული ოცნებისთვის“ წითელი ხაზი არა ვადამდელი არჩევნები, არამედ წესიერი არჩევნების გზით, ძალაუფლების დაკარგვაა, თავს ნურავინ მოიტყუებს” – ზურაბ ჯაფარიძე

სინამდვილეში, „ქართული ოცნებისთვის“ წითელი ხაზი არა ვადამდელი არჩევნები, არამედ წესიერი არჩევნების გზით, ძალაუფლების დაკარგვაა, თავს ნურავინ მოიტყუებს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მან ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასა და ამ ფონზე, კრისტიან დანიალსონის ჩართულობით მოლაპარაკების პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია, ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურებულია, ინვესტიციები აღარ შემოდის, არავინ რისკავს აქ ფულის ჩადებას. ამას ემატება კოვიდპანდემია და რეგიონში გაუარესებული გეოპოლიტიკური ვითარება. ამ ფონზე მთავრობა მილიარდობით ახალი ვალის აღებით, ტყუილებზე დაფუძნებული პროპაგანდითა და ძალოვანი/უშიშროების სტრუქტურების გამოყენებით ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას.

პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც დასრულების ნაცვლად გაღრმავდა 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრების, დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკიდან წასვლაზე განაცხადისა და დე ფაქტო პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.

ნებისმიერ დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში, ასეთ ვითარებაში, კრიზის განმუხტვისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა – ხელახალი არჩევნები, მაგრამ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათთვის წითელი ხაზია. სინამდვილეში არანაირი წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნები არ არის. წითელი ხაზი „ოცნებისთვის“ ძალაუფლების დაკარგვაა. მათ წესიერი არჩევნების გზით ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ და არა ზოგადად არჩევნების. ეგაა წითელი ხაზი და თავს ნურავინ მოიტყუებს“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

მსგავსი თემები