პირველადი შეფასებით, მეწყრის მიმართულება მაჭავარიანის ქუჩა და საბოლოოდ, მარშალ გელოვანის გამზირია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა“ და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა სუხიშვილის თქმით, პირველადი შეფასებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე მეწყრული ნაპრალების დაძვრის შემთხვევაში მისი მიმართულება მაჭავარიანის ქუჩაა.

ამ თემაზე, სუხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა. როგორც სპეციალისტი განმარტავს, საბოლოო დასკვნას კვლევები და დაკვირვება კიდევ სჭირდება.

მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, მეწყრულ მასა, რომელიც ყველა შემთხვევაში ჩამოიშლება, პირველადი დაკვირვებით, რა მიმართულებით წავა, ლაშა სუხიშვილმა ასე უპასუხა:

„ძალიან კარგი კითხვაა. დღესაც, ჩვენი ჯგუფი მუშაობს ადგილზე იმისათვის, რომ გადაადგილების ვექტორი დადგინდეს. გადაადგილების ზუსტი მიმართულების დასადგენად საჭიროა რამდენიმეჯერ გადაზომვა. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რა მიმართულებით გადაადგილდება ეს ბლოკი.  პირველადი დაკვირვებით, მიმართულება არის მაჭავარიანის ქუჩისკენ. შესაძლოა, ხევის მიმართულებითაც გადაადგილდებოდეს, ოდნავ მარცხენა მხარეს“.

„მედიაცენტრი მთავარის“ მორიგ კითხვას: საბოლოო მიმართულება მარშალ გელოვანის გამზირისკენ მიდის? ლაშა სუხიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ძალიან რთული კითხვაა. შეიძლება კი, შეიძლება არა და ცოტა გვერდით. თუმცა, ცოტათი გვერდითაც რომ მიდიოდეს, შესაძლოა, საბოლოოდ, მარშალ გელოვანისკენ დაამთავროს. ეს ყველაფერი ამ ეტაპზე არის ვარაუდი, რომელსაც სჭირდება დასაბუთება და ამაზე ვმუშაობთ“.    

როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან” განმარტა, როგორც ქართველი, ისე  გერმანელი სპეციალისტები თანხმდებიან, ადგილზე საკმაოდ რთული პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისად ყველანაირი განაშენიანება, მშენებლობა თუ ოდნავი ბიძგიც უნდა შეჩერდეს.

მსგავსი თემები