“მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამაც უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი” – კელი დეგნანი

მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი – ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

კელი დეგნანის თქმით, საჭიროა არსებობდეს ჯანსაღი მმართველი პარტია, რომელიც პარლამენტში გაწონასწორებული იქნება ჯანსაღი ოპოზიციით.

ელჩის თქმით, რიგგარეშე არჩევნები ან ახალი არჩევნები მხარეების შეთანხმების საკითხია.

“მხარს ვუჭერ ამ კრიზისის დაუყოვნებლივ მოგვარებას, რადგან ვფიქრობ, საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევები, რომელზეც უნდა გადაიტანოს ყურადღება. პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი. ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა გასულ ოქტომბერში. საჭიროა, არსებობდეს ჯანსაღი მმართველი პარტია, რომელიც გაწონასწორებული იქნება ჯანსაღი ოპოზიციით საქართველოს პარლამენტში. მეტი სიცხადისთვის გავიმეორებ, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი და მათმა მომხრეებმაც კარგად უნდა გაიგონ ეს. სინამდვილეში, კომპრომისი არის პოზიციების დასაახლოებლად, როგორც ამას საქართველოში ვხედავთ და ეს არის ამომრჩევლის პატივისცემის ნიშანი.

რიგგარეშე არჩევნების ან ახალი არჩევნების საკითხი მხარეების გადასაწყვეტია, ისევე როგორც ამ მოლაპარაკებათა თითოეული პუნქტი პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია და მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს მნიშვნელოვანია. 4-5 თვეა, ვცდილობთ, დავეხმაროთ მხარეებს ჩემს ევროკავშირელ კოლეგასთან ერთად, რადგან ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მხარეები შეძლებენ ურთიერთგაგებას, განსხვავებული პოზიციების შეჯერებას და შეთანხმების მიღწევას.

ის, თუ როგორი უნდა საქართველოს პარლამენტის სტრუქტურა ქართველი ხალხის არჩევანია. მათ გამოხატეს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის სურვილი. ყველამ ჩათვალა წარმატებად, რომ საპარლამენტო მანდატი ცხრა პარტიამ მიიღო და ასევე უფრო მეტი ქალი იქნა არჩეული პარლამენტის წევრად, ეს არის ძალინ პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯები. 20-30 წლის მანძილზე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და ვფიქრობ, რომ გაგრძელდება,” – განაცხადა კელი დეგნანმა. 

მსგავსი თემები