„ოჯახს უნდა გაგება, რატომ გარდაიცვალა მეგი ბაქრაძე და არა ვინმეზე დაბრალება“ – მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„ოჯახს უნდა გაგება, რატომ გარდაიცვალა მეგი ბაქრაძე და არა ვინმეზე დაბრალება, ვინმეს იდენტიფიცირება, ვისზეც ჯოხი გადატყდება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა გაანცხადა.

ადვოკატები საბოლოო დასკვნას ელოდებიან:

„სრული სურათი გვინდა, ვიცოდეთ. ვმუშაობთ საქმეზე, გვაქვს კომუნიკაცია საგამოძიებო უწყებებთან. სამედიცინო ისტორიის ნაწილი მივიღეთ. ეს არის ძალიან ზოგადი ისტორია, რომელიც იძლევა ზოგად სურათს. ​ანაფილაქსია არის პირველი ვერსია, მეორე – ფილტვის თრომბოემბოლია. ორივე მათგანი ახასიათებს ზოგადად, კოვიდზე იმუნიზაციის პროცესს და ჯანმო-ს მიერაც არის იდენტიფიცირებული. მესამე ვერსია არის, რომ მეგის ჰქონდა ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაბინდვა, რაც კოვიდის მაჩვენებელია. იქიდან გამომდინარე, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა ტესტირება და შედეგი იყო უარყოფითი, გადატანილი შეიძლება, ჰქონდა და ამან გამოიწვია მძიმე შედეგი. იმუნიზაციამდე სამედიცინო ისტორიასთან ერთად გვექნება უფრო ფართო სურათი და მეტი დეტალი. მინისებრი დაბინდვა ტომოგრაფიის ჩანაწერში არის ასახული“, – განაცხადა  ვახო ბარამაშვილმა „მედიცანეტრ მთავარში“.

ადვოკატი ნინო ამაღლობელი ამბობს, რომ გარკვეული პირები მეგი ბაქრაძის ვაქცინაციამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ფლობენ. ადვოკატის თქმით, ისინი არ არიან ოჯახის წევრები და საქმეში ობიექტურ მოწმეებად ითვლებიან. უახლოეს მომავალში ადვოკატები პროკურატურას ამ პირების დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ.

„გასულია ერთი კვირა. საქმეში გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ გამოკითხვის სამი ოქმი. მათ შორის, ორი არის სამედიცინო დოკუმენტაციის ასპექტში, ერთი – კლინიკა „იმედიდან“, კამერების დათვალიერების ასპექტში.

საქმეში არ არის გამოკითხული არცერთი მოწმე. მივმართეთ უწყებას კონკრეტული პირების გამოკითხვის მოთხოვნით. გუშინ დაიწყო ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე. ამ ეტაპზე, გადმოცემული მასალები არ გვაქვს, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, ვინ გამოიკითხა და რა ჩატარდა. საქმეში არ გვაქვს სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, არც კლინიკიდან, ახალციხიდან არც აქედან. გამოკითხულია მხოლოდ „იმედის“ უფლებამოსილი პირი, ვინც თანახმაა, რომ მისცეს ეს ჩანაწერები. გამოძიებამ მხოლოდ დათვალიერების შუამდგომლობით მიმართა. დათვალიერება არაა საკმარისი, ეს კამერები უნდა გამოითხოვონ და შემდგომ დართონ საქმეზე. ოჯახს სურს მხოლოდ სიმართლე, ყველას მიმართ არის ეჭვი. ერთი კვირაა გამოძიების დაწყებიდან და დღეს პრაქტიკულად ერთ კითხვაზეც არ არსებობს პასუხი. ასევე, მინდა ვთქვა, ჩვენი ინფორმაციით, ოთხი პირი არის, ვინც იცოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე და რა დახმარება გაუწიეს ვაქცინაციის შემდგომ, ისინი მიიჩნევენ ამას საგანგაშოდ. ეს პირები არ არიან ოჯახის წევრები, არიან ობიექტური პირები. ამ ეტაპზე, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, მათ სტატუსს არ გაგიმხელთ. ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, რომ გამოიკითხონ ეს პირები. არ არის ეს ცნობილი პროკურატურისთვის, ეს ჩვენი ინფორმაციაა. ესენი არ არიან არც მეგობრები, არც ოჯახის წევრები“, – განა​ხდადა ნინო ამაღლობელმა „მედიცანეტრ მთავარში.“

ახალციხიდან თბილისში გადმოყვანილი 27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც 18 მარტს, აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები