“გიორგი გახარიასთან პოლიტიკურ საკითხებზე კონსულტაცია არ მქონია” – გიორგი ხოჯევანიშვილი

პოლიტიკურ საკითხებზე გიორგი გახარიასთან რაიმე კონსულტაცია არ მქონია. გიდასტურებთ, რომ ჩემი ძველი სამსახურიდან გამომდინარე, დღეის ჩათვლით, მასთან კარგი თანამშრომლობა, მეგობრობა მაკავშირებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, თუმცა, მასთან რამდენიმე დღის წინ იკონტაქტა.

“ვრცლად ამ საკითხებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რაც ბატონმა გახარიამ ბრძანა, რომ ჩვენ ყველა ვიქნებით მოწმეები, იმ საკითხებზე საუბრის, რომელსაც თვითონ ბატონი გიორგი ჩათვლის საჭიროდ მოგვიანებით და როგორც თვითონ ბრძანა, ექნება ამასთან დაკავშირებით ვრცელი საუბარი. დეტალებზე რომ მქონდეს ინფორმაცია მაინც არ ვისაუბრებდი, იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი გახარიამ მოკლედ თვითონ ისაუბრა და ალბათ, მომავალში როცა საჭიროდ ჩათვლის ვრცლად ისაუბრებს ამ საკითხებზე. მე შემიძლია, გითხრათ, რომ პოლიტიკურ საკითხებზე მასთან კონსულტაციები არ გამივლია, შესაბამისად, ამ საკითხზე მეტს ვერ მოგახსენებთ”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

კითხვაზე, შემოთავაზების შემთხვევაში, ექნება თუ არა სურვილი გახარიასთან თაბამშრომლობის, ხოჯევანიშვილი აღნიშნავს, რომ “თეორიულ საკითხებზე საუბარი არ უყვარს”, ხოლო თუ მასთან კონსულტაცია ექნება, მედია ამის შესახებ შეიტყობს.

მსგავსი თემები