“ყველანი წავიდეთ სახლებში და მოვიდეს სააკაშვილი – ეს არის ძირითადად ფორმულა, რომელსაც ოპონენტები გვთავაზობენ” – გია ვოლსკი

ირაკლი კობახიძე მაგიდასთან არ უნდა იყოს, ჩვენ ყველანი უნდა წავიდეთ სახლებში და უნდა მოვიდეს სააკაშვილი ხელისუფლებაში – ეს არის ძირითადად ის ფორმულა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების თაობაზე საკითხის კომენტირებისას განაცხადა. ამით ვოლსკი გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს, რომლის თანახმადაც ირაკლი კობახიძე ხისტი პოზიციებით გამოირჩევა.

მისი თქმით, კობახიძე მოლაპარაკებებზე კონსტრუქციულ წინადადებებს აყენებს და მისი პოზიციები მთლიანად გუნდის პოზიციას ასახავს.

“ირაკლი ხისტია, თუ უფრო რბილი, ყოველ შემთხვევაში, საქმეზე ლაპარაკობს და კონსტრუქციულ წინადადებებს აყენებს და ეს არ არის მისი ერთი, კონკრეტული პიროვნების პოზიცია, ეს არის გუნდის პოზიცია. ამასთან დაკავშირებით შეაფასეთ შინაარსი და არა კონკრეტული ადამიანის მიმართ შეფასება, რომელიც გააჩნია ესოდენ დიპლომატიურ აკო მინაშვილს გააჩნია. თურმე, აკო მინაშვილი წესიერია, დიპლომატიურია და ირაკლი ყოფილა ხისტი. საკითხებს ჩახედეთ, ვინ რა საკითხს აყენებს, ვინ რას ამბობს და საზოგადოებისთვის რომელი პოზიციაა მისაღები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში დანიელსონის დაანონსებულ ვიზიტს, ვოლსკის თქმით, ამას “საგანგებო მნიშვნელობა” აქვს.

“ევროკავშირი, ევროკავშირში შემავალი ქვეყნები დაინტერესებულები არიან სტაბილიზაციით საქართველოში და რასაკვირველია, ჩამოსვლა სწორედ ამას მიუთითებს, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მოხდეს პოლიტიკური პროცესის და შემდგომ სხვა ყველა დანარჩენი მიმართულებების სტაბილიზაცია. არის თუ არა ამ სტაბილიზაციის მომხრე კონკრეტული პოლიტიკური ძალები – ეს არის მთავარი შეკითხვა, რაც საზოგადოებას გააჩნია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები