“ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც მძიმე ალერგიული რეაქციაა ვაქცინის კომპონენტზე, ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა” – ჯანმო გარდაცვლილ ექთანზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ქართველი ექიმის გარდაცვალების საკითხზე ისაუბრეს.

ჯანმოს წარმომადგენლების განცხადებით, მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოში ვაქცინისადმი ნდობის გაძლიერებას. მათივე განმარტებით, კოვიდის პრევენციის სარგებელი ბევრად აღემატება ვაქცინის რისკს.

“ძვირფასო კოლეგებო, როგორც იცით საქართველომ “კოვაქს” პლატფორმის საშუალებით “ასტრაზენეკას” ვაქცინები მიიღო, რისთვისაც მადლობლები ვართ. სამწუხაროდ 4 დღის წინ ექთანი მეგი ბაქრაძე პირდაპირ ეთერში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის შემდეგ გართულებების გამო გარდაიცვალა. ამ ინციდენტმა “ასტრაზენეკას” ბოლოდროინდელი საერთაშორისო გამოძიების კონტექსტში საქართველოში დიდი უნდობლობა და შეშფოთება გამოიწვია. ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ჯანმოს რაც შეიძლება მალე გამოეგზავნა საქართველოში მისია მომხდარის შესაფასებლად?” – მიმართა კოკი იონათამიშვილმა ორგანიზაციას.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინის კომპონენტებზე მწვავე ალერგიული რეაქცია იშვიათად ვლინდება და მსგავსი შემთხვევების მართვისთვის აუცილებელია აცრები შესაბამისად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარდეს. ​

“გვესმის, რომ ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციაა ვაქცინის კომპონენტზე და ეს დაფიქსირდა სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც. ასეთი შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად მითითებაა, პირველ რიგში, დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინაცია კეთდება ისეთ ვითარებაში, სადაც მედპერსონალია წარმოდგენილი, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომლებიც საჭიროა იმ ადამიანის სამკურნალოდ, რომელსაც განუვითარდება მძიმე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი. ჩვეულებრივ, ამის მკურნალობა შესაძლებელია, თუ ეს ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია.

მეორე, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ ყველას ვინც ვაქცინას მიიღებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვთ წინა ანაფილაქსიის ისტორია. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, შეტყობინების გაგზავნა, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ ზემოქმედების მინიმალიზებას სიფრთხილის გამოჩენით,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სუმია სვამინათანი.

მსგავსი თემები