„ვაშლიჯვრის ფერდობები წარმოადგენს ტექნოსეისმურ გენეზისის ერთიან ბლოკს“ – გეოლოგი

ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე გაჩენილი ნაპრალები ახალი არ არის და იქ გარკვეული გართულებები ყოველთვის მიმდინარეობდა.

„ვაშლიჯვრისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობები ისტორიულად ძალიან შორეულ გეოლოგიურ წარსულში ჩამოყალიბებული ფერდობებია და ის ტექნოსეისმურ გენეზისის ერთიან ბლოკს წარმოადგენს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოველთვის მიმდინარეობდა ბუნებრივად გარკვეული გართულებები, რადგან, ის არასტაბილური ბლოკია თავისი გენეზიდან გამომდინარე. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვაშლიჯვრის მიმდებარედ გაჩნდა ახალი ნაპრალები და ახალი რღვევები, ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია. ათეული წელია არსებობენ და არავითარი საფრთხე ამ ეტაპზე მოსახლეობის მიმართ არ არსებობს“ – განაცხადა გეოლოგმა.

მისივე ინფორმაციით, სამომავლოდ, არამარტო ამ მიმდებარე ფერდობებზე, არამედ, თბილისის სხვა ლოკაციებზეც გათვალისწინებულია მონიტორინგული სადგურების ინსტალირება.

მსგავსი თემები