რესტორნებში ცოცხალი მუსიკა დასაშვებია

საკოორდინაციო საბჭომ არსებული შეზღუდვების დამატებით შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ხვალიდან, რესტორნებში ცოცხალი მუსიკაც დასაშვებია.

“გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებით შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინო-თეატერებს.

უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%. ასევე, იმართება ძიუდოში გრანდსლემი, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად.

მსგავსი თემები