„თბილისს სერიოზული საფრთხე ემუქრება, მოწყვეტილია ნახევარი მილიონი კუბური მასა“ – ლისის ფერდობს სპეციალისტები იკვლევენ

  •  

ლისის ფერდობზე, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. კლდის მეწყრული ნაპრალები ასობით მეტრზე დაფიქსირდა, სიღრმე კი წინასწარი დაკვირვებით, ათობით მეტრია.  სპეციალისტები ადგილზე აქტიურად მუშაობენ და კლდის მასის დაძვრას ნებისმიერ დროს ვარაუდობენ.

პირველადი შეფასებით, დაძრული ნახევარი მილიონი კუბური მეტი მიწის მასის შეკავება შეუძლებელია.

საუბარია მაჭავარიანის ფერდობზე,ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც, ბოლო პერიოდში, აქტიური განაშენიანება მიმდინარეობს.

„მასა დაძრულია და აუცილებლად ჩამოვა დაბლა. თუმცა, როდის მოხდება ეს, არავინ იცის. პროცესი დამოკიდებულია ნალექზე, დროსა და გრუნტის დატვირთვაზე“ – ასეთ შეფასებას აკეთებენ ადგილზე მომუშავე ექსპერტები, გეოლოგები და სეისმოლოგები.

როგორც „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა და სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, დედაქალაქისთვის სერიოზული საფრთხე არსებობს.

„რაც პირველადი მუშაობის შედეგებით ჩანს, მოწყვეტილია ნახევარი მილიონი კუბური მასა. ეს არის პირველადი შეფასება და არ არის ზუსტი მონაცემები. მთლიანად მეწყრის პოტენციალის შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგანაც მას მასშტაბური კვლევა სჭირდება. არ დაგიმალავთ და თამამად გეტყვით, რომ, სერიოზული საფრთხე არსებობს დედაქალაქისთვის, რადგანაც, ეს მასა, შესაძლოა ნებისმიერ დროს წამოვიდეს. შეიძლება ეს მოხდეს ერთ კვირაში, ერთ თვეში, ერთ წელში, თუმცა, ის აუცილებლად წამოვა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ ფერდობის აქტიური განაშენიანება დაიწყო, თქვენს სტუდიაში განვაცხადე, რომ აქ არის მოძრავი ქანები და მეწყრული ზონა და მისი განაშენიანება არაფრით შეიძლებოდა“ – განუცხადა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარს”

მსგავსი თემები