„ჩახურული, უკვე გადაშლილი ფურცელი და დამთავრებული ამბავია” – მამუკა მდინარაძე არჩევნების ლეგიტიმაციაზე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები სამართლიანია – განცხადებებით, კონკურენტულია და თავისუფალია – დასკვნებით, საერთო ჯამში, ლეგიტიმურია მთელი მსოფლიოსთვის, დასავლეთისთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის და არალეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილისთვის და გიგა ბოკერიასთვის.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს.

„ჩახურული, უკვე გადაშლილი ფურცელი და დამთავრებული ამბავია, ყველამ იცის თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, ყველა ამას ლაპარაკობს, ვერ დავარწმუნეთ მხოლოდ ბატონი გიგა და ბატონი მიხეილი. სამართლიანია – განცხადებებით, კონკურენტულია, თავისუფალია – დასკვნებით, ეს ყველაფერი გვაძლევს ერთობლიობაში იმის განცხადების საშუალებას, რომ ლეგიტიმურია საერთო ჯამში ჩატარებული არჩევნები მთელი მსოფლიოსთვის, დასავლეთისთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის და არალეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილისთვის და გიგა ბოკერიასთვის. არ გამოვა ასე მსჯელობა. ბოკერია, სააკაშვილი და სხვები რომ ცდებიან დასავლეთს თავის „მესიჯბოქსში“, ეს სამწუხაროა მათთვის, მაგრამ ამ ქვეყანაში საზოგადოება ჩამოყალიბდა, შეთანხმდა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. ბორელის ამ განცხადებით არაფერი იცვლება, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დაესვა ბეჭედი მორიგჯერზე იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენება აღარავის შეუძლია.

IRI-ს დასკვნამ ეს აჩვენა, ეუთო/ოდირის დასკვნამ ეს აჩვენა, განცხადებებმა მაღალი ტრიბუნიდან ეს აჩვენა, თუმცა რადიკალური ოპოზიციის სიჯიუტეს საზღვარი არ აქვს და მაინც იგივეს იმეორებენ. არანაირი ნიშნის მოგება და პათოსი ჩვენს ინტერესში არ არის, რადგან ვსაუბრობთ ოპოზიციასთან იმის მიუხედავად, რაც არ უნდა არარეალურ მესიჯებს ახმოვანებდნენ. მიუხედავად გაკეთებული განცხადებებისა, მზად ვართ ვილაპარაკოთ ოპოზიციასთან და ხვალინდელ დღეს საზღვრები ჰქონდეს ჩვენი შეთანხმების სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღებთ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებზე და პროცესებზე, ვიდრე ოპოზიცია, ოღონდ მათი მხრიდანაც არის საჭირო ელემენტარული კონსტრუქციულობა იმისთვის, რომ ქვეყანამ კრიზისთან ბრძოლა ისე მოახერხოს, როგორც გვჭირდება. როცა პანდემიის მძიმე კრიზისის პერიოდში თან მართალი არ ხარ და თან ცდილობ ქვეყანა აჯანჯღარო, ეს არ არის სწორი. ამის მიუხედავადაც ვეუბნებით, რომ გავაგრძელოთ დიალოგი და მივიდეთ შეთანხმებამდე, რომელიც ქვეყანას აწყობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, „თავი დაანებონ ელჩებზე თავდასხმას, რომლებიც ახმოვანებენ ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას“.

მსგავსი თემები