“გასულ წელს ნატო აგრძელებდა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას” – იენს სტოლტენბერგი

2020 წლის განმავლობაში ნატო-ს წევრები აგრძელებდნენ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და შემდგომი სამიტების შესაბამისად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის 2020 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც იზიარებს ალიანსის ღირებულებებს, მზად არის და შეუძლია მიიღოს ალიანსის წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები და რომელთა ჩართვა ხელს შეუწყობს ჩრდილოატლანტიკური ტერიტორიის უსაფრთხოებას.

ანგარიშში საქართველოს საკითხს ცალკე ქვეთავი ეძღვნება, სადაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზეა საუბარი.

„გაგრძელდა პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის მომზადებას. არსებული ინიციატივების განხორციელების გარდა, ნატო-მ და საქართველომ ერთად იმუშავეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების მიზნით, გადააქციეს იგი უფრო ამბიციურ, უფრო თანმიმდევრულ, უფრო მიზანმიმართულ პაკეტად, რომელიც უკეთ ასახავს როგორც საქართველოს, ასევე ალიანსის პრიორიტეტებს. მთლიანობაში, განახლებული პაკეტი შეიცავს 16 ინიციატივას, სამით მეტს ვიდრე წინა. ახალი ინიციატივები მოიცავს სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას, ინგლისური ენის უნარის განვითარებას, სტანდარტიზაციას და კოდიფიკაციას. განახლებული პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს მიმართ დახმარების გაძლიერებას, მათ შორის კიბერ ლაბორატორიის განვითარებას, უსაფრთხო კომუნიკაციების დამყარებას საქართველოსა და ნატოს შორის, სამხედრო ინჟინრების მომზადებას, საზღვაო და საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული სიტუაციური ცოდნის გაუმჯობესებას,“- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო აგრძელებს ნატო-ს მისიებისა და ოპერაციების მიმართ მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

მსგავსი თემები