გომის მთაზე სამაშველო ოპერაციის შედეგად გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დაასრულეს. თოვლიდან ამოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარიც.

შსს-ს ინფორმაციით, ამოყვანის ოპერაცია გათენებისთანავე განახლდა.

„გურიაში ჩავიდნენ განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები და კინოლოგი. ქუთაისიდან გომის მთის მიმართულებით გაფრინდა ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც მოხდება მიცვალებულის გადმოსვენება. თოვლიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, როგორც გურიიდან, ასევე, თბილისიდან და ქუთაისიდან.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში გომის მთიდან გუშინ შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ერთი მოქალაქე გაყინული იყო, ხოლო მის თანმხლებ სამ პირს გადაადგილება აღარ შეეძლო. მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ. სამაშველო-საძიებო ოპერაცია 10:00 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. სიტუაციას რთული რელიეფი, ქარბუქი და 3 მეტრის სიმაღლის თოვლი ართულებდა. მიუხედავად მძიმე მეტეოროლოგიური პირობებისა, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფმა სამი მოქალაქის გადარჩენა შეძლო. ისინი უვნებლად, თუმცა ჰიპოთერმიის ნიშნებით იპოვეს და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები