როგორ გამოხატავენ მაიმუნები სიყვარულს სახის მიმიკებით – თბილისის ზოოპარკის სახალისო ფოტო  

საინტერესოა, შეუძლიათ თუ არა ცხოველებს დადებითი განწყობის სახის მიმიკებით გამოხატვა, ან ღიმილი. ამ კითხვაზე პასუხს თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდზე ნახავთ, სადაც ზოოპარკის ბინადარი მაიმუნების ოჯახზე გვიამბობენ.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, თუ როგორც ეალერსებიან პატარა მაკაკას დედ-მამა.

“თუ გეგონათ, რომ ცხოველებს სახის მიმიკებით ემოციების გამოხატვა არ შეეძლოთ, ახლავე ჩაგიყრით მაგ კოვზებს ნაცარში. აი, ბერბერული მაკაკების მაგალითი ავიღოთ. ჩვეულებრივ, მშვიდ სიტუაციაში ჩვეულებრივი, მშვიდი სახეები აქვთ. მაგრამ როცა პატარას ეთამაშებიან იბადრებიან, იღიმიან, იცინიან. მართლა იცინიან. გულწრფელად და მთელი გრძნობით. თან პირებს აცმაცუნებენ, თითქოს რაღაცას ესაუბრებიან ბავშვს. რას? ალბათ იმას, რასაც ჩვენ, როცა შვილებს ვეფერებით. საერთოდ, მაკაკები კბილების დაკრეჭით აგრესიასაც გამოხატავენ. გაშინებენ თავისებურად. თუმცა სიტუაციას გააჩნია. ამ შემთხვევაში, ამ ღიმილს არაფერი აქვს საერთო აგრესიასთან. პირიქით. ეს მიმიკა დადებითი განწყობის, სითბოს, ალერსის გამომხატველია. დასცქერი ფოტოს და უნებურად ჩვენი, ადამიანური სურათები გახსენდება – ლოგინში მოკოტრიალე ახალშობილს რომ დავხარით გაბრწყინებული სახეებით”, – ვკითხულობთ თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდზე.

 

მსგავსი თემები