„ჩვენს ხელშია, ავიცილებთ თუ არა ამ მესამე ტალღას“ – ქვეყანა ვირუსის შემდეგი ტალღის მოლოდინში

„იმისთვის, რომ საქართველო მესამე ტალღისგან დაზღვეული იყოს, პირბადეების ტარების მაჩვენებელი, რომელიც ახლა 62%-ია, 90%-ზე უნდა ავიდეს“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და ამბობს, როგორ შეიძლება მორიგი დარტყმის თავიდან აცილება.

„მესამე ტალღა  მოსალოდნელია, ყოველ შემთხვევაში ევროპის ქვეყნები ელოდებიან. მერკელმა პირდაპირ თქვა, რომ ველოდებით მესამე ტალღას და გაახანგრძლივა მკაცრი „ლოქდაუნი“ 7 მარტამდე. ამერიკაში უკვე მეოთხე ტალღაზე საუბრობენ. ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა. ჩვენს ხელშია, ავიცილებთ თუ არა ამ მესამე ტალღას“ – განაცხადა ცერცვაძემ მედიასთან.

მისივე თქმით, შემდგომი ტალღის გადალახვაში ვაქცინა უნდა დაგვეხმაროს.  

„სანამ არაა ვაქცინა, ჩვენი ბედი და მესამე ტალღის ბედი არის ჩვენს ხელში. პირბადეების ტარება არის უმნიშვნელოვანესი. სამწუხაროდ, ჩემთან მოდის ინფორმაცია, რომ ადამიანები გავთამამდით და შეზღუდვების მოხსნის პარალელურად პირბადეებზეც უარი თქვეს. თუ პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი იყო 72%, ახლა 62%-ია“ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები