“გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი არის გამოძიების ხარისხის გაზრდა” – ვახტანგ გომელაური

  •  

გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„რეფორმის შედეგად მივიღებთ გამომძიებელთა ახალ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობას, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი“, – განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ახდენს რეაგირებას.

„სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში, UNICEF-ის კონცეფციის შესაბამისად, ბავშვზე მორგებული გარემო შექმნილია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. 2021 წელს გაგრძელდება მსგავსი სივრცეების მოწყობა პოლიციის დანაყოფებში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა რეფორმების ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა პოლიციელთა შეიარაღების განახლებაზე.

„2020 წელს პოლიციის ახალი შენობები აშენდა წალენჯიხაში, ბაკურიანში, რუსთავსა და პანკისში. ამჟამად მიმდინარეობს გურჯაანის, ომალოს, აბასთუმნის, მესტიის პოლიციის შენობების მშენებლობა. 2021 წლის დასაწყისში მნიშვნელოვნად განახლდა სამინისტროს ავტოპარკი. ამასთან, მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა. გაუმჯობესდება და განახლდება დანაყოფების რადიოკავშირის საშუალებები, ასევე, გაგრძელდება პოლიციელების მაღალი ხარისხის ფორმის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით უზრუნველყოფა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები