“უნდა გვახსოვდეს რომ თუ ვითარება გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ეპიდვითარება გაუარესდება, მთავრობა იძულებული გახდება შეზღუდვები ისევ დააწესოს.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, ვირუსის პრევენციისთვის პირბადის ტარება აუცილებელია.

“ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ შემცირებულია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, მიუხედავად ამისა, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ პირბადის ტარება და შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ამის კონტროლი არის აუცილებელი ღონისძიება და პრევენცია.

კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, რომ პირბადის ტარება აუცილებელია და ამ მიმართულებით ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.

მოგეხსენებათ, შევამსუბუქეთ აღნიშნული შეზღუდვები, ყველა ეს ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას. მეორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ რა თქმა უნდა, თუ გაუარესდება ვითარება ჩვენ ისევ გავხდებით იძულებული, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა, დავიცვათ ეს ელემენტარული მოთხოვნები და რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან ამის შესაბამისი კონტროლი შეიძლება,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები