იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და წარმოდგენა. დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას და იმუშავებს უახლოესი სამი თვის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები და ასევე მოწვეულები იქნებიან მაღალი დონის ექსპერტები.

„ჩვენი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად, თითოეული სექტორის, დარგის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რა თქმა უნდა, ჩაშლილი – თითოეული წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმებით. მოგეხსენებათ, ოკუპაციის შემდეგ ალბათ რიგით მეორე გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის არის ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და სწორედ, ჩვენი ერთიანი ძალისხმევაც ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, ეს არის ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევები და ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ძალიან სწრაფად, შემდგომი წლების განმავლობაში ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები