აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის მოსამზადებლად მორიგი შეხვედრა გაიმართა

„აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ  და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ერთი თვის წინ დაიწყო მუშაობა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მოსამზადებლად,“ – ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეს – სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ორივე უწყების იურისტების მონაწილეობით, სამუშაო ვითარებაში ამჯერად მეორედ შეიკრიბნენ.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის გასაქრობად, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები ხორციელდება.  არსებობს გონივრული ეჭვი, რომ არა ერთ ძეგლს შეიძლება განადგურების საფრთხეც დაემუქროს, რამაც განაპირობა მათი მხრიდან ფიქრი გამოსავლის ძიებაზე. „ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება ისეთი დარღვევები, რომელიც კანონმდებელს, არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ შეეძლო წინასწარ გაეთვალისწინებინა. ამიტომ გარკვეული ხარვეზი არის  კანონში. დღეს იქ არსებულმა რეალობამ განაპირობა კანონმდებლობაში ცვლილებების აუცილებლობა. ჩვენ ვარკვევდით – ეს ცვლილება უნდა შესულიყო სისხლის სამართლის კოდექსში თუ კანონში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ ცვლილება უნდა შევიდეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში. შესაბამისად, გადავწყვიტეთ საგენტოსთან ერთობლივად გვემუშავა და უკვე სერიოზული შედეგიც გვაქვს“- აცხადებს ჯემალ გამახარია.

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მიმართ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოხატული აქტიური ინტერესი და ინიციატივები კანონში სამართლებრივად მნიშვნელოვანი   ცვლილებების საფუძველი უნდა გახდეს.  „ერთად ვმუშაობთ იმ ცვლილებებზე, რაც ქვეყნისთვისაც მნიშვენელოვანი იქნება და შემდგომში – დეოკუპაციისთვისაც“.

კანონპროექტზე ერთობლივად  განაგრძობს მუშაობას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურისტთა კომპეტენტური ჯგუფი. სამუშაო შეხვედრაზე მათ დეტალურად განიხილეს თითოეული სამართლებრივი ცვლილებისა თუ  ტერმინოლოგიის გამოყენების მიზანშეწონილობა. საინტერესო წინადადებები, იდეები გაცვალეს. ითქვა, რომ კულტურის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებისა და გარკვეული საერთაშორისო ტრიბუნალების დასკვნების გათვალისწინებაც მოუწევთ. ყოველივეს გაანალიზების შემდეგ, კანონპროექტში ცვლილებები აისახება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იურისტები ამ დღეებში დაასრულებენ საბოლოო ვარიანტზე მუშაობას და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საკანონმდებლო ინიციატივით კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენას, სავარაუდოდ, ორ კვირაში შეძლებს.“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები