“ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა შედეგი იყოს კონკრეტული” – გიგი უგულავა

  •  

„ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მაგიდასთან იმისთვის, რომ შედეგი იყოს ძალიან კონკრეტული“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც უგულავამ განმარტა, კონკრეტულ შედეგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები ან არჩევნებთან მისასვლელი გზა იგულისხმება.

„მოლაპარაკება ვერ იქნება სრულფასოვანი მანამ, ვიდრე მასში არ მონაწილეობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. ეს უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება და ბუნებრივია, პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. შემხვედრი ნაბიჯი, ჩემი აზრით, დაგვიანებულიც არის, იმიტომ, რომ 16 მარტს, როცა ბრიუსელში საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, ქართული მხარე კონკრეტული წინადადებებით უნდა წარსდგეს. ამ წინადადებებს სჭირდება გავლა, დამუშავება, შეჯერება, შესაბამისად დრო არის ძალიან ცოტა. ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მაგიდასთან, იმისთვის, რომ შედეგი იყოს ძალიან კონკრეტული. შედეგში იგულისხმება პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები ან არჩევნებთან მისასვლელი გზა, რომელიც მისაღები იქნება მხარეებისთვის“, – განაცხადა უგულავამ.

მან ასევე ისაუბრა იმ 6 საკითხზე, რომელიც შარლ მიშელის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს და განაცხადა, რომ ექვსი პუნქტიდან ყველა პრიორიტეტულია.

„იმისთვის, რომ მთავრობას და „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს გადაბრალების და თავის დაძვრენის საბაბი იმ ვალდებულებებისგან, რაც მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინაშე აიღეს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიმე ტიპის სალაპარაკო არ ჰქონდეს. ჩვენ ვნახეთ მათი რიტორიკა გუშინ, რაღაც კოლექტიური კაკაფონია, გადაბრალება ჩვენზე. მინდა განვმარტო 6-ვე საკითხი, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მაგიდაზე, მანვე დაურიგა ყველა მონაწილეს, მათ შორის მისცა ბატონ ღარიბაშვილსაც. აქ არ არის პრიორიტეტებზე საუბარი, 6-ვე საკითხი პრიორიტეტულია არა უკვე ფასილიტატორის, არამედ, მედიატორისთვის. ფასილიტაცია და მედიაცია სწორედ მაგით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ფასილიტაციას ვინც ახორციელებს, მას არ აქვს პირადი დღის წესრიგი, ის მხარეებს უბრალოდ ახვედრებს. მედიაცია ნიშნავს პირად დღის წესრიგში იმ საკითხების შეტანას, რომელსაც თვლის რომ ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ასე დაემატა იმ ჩამონათვალს სასამართლო და კორუფციასთან ბრძოლა, როგორც მწვავე და პრობლემური საკითხები ჩვენი ქვეყნის”, – განაცხადა უგულავამ.

მსგავსი თემები