„მელია უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“ – ოპოზიციის ულტიმატუმი

ოპოზიცია დღის წესრიგს არ ცვლის და ხვალ დაგეგმილი აქცია გაიმართება. ცვლილება კი ის არის, რომ არ იქნება პიკეტირება და სამართალდამცველებთან კონტაქტი. არ გამოირიცხება ე.წ. მანქანების აქცია.

„პრემიერ-მინისტრი ერთ დღეს არის მკაცრი, მეორე დღეს – რბილი. ეს არ ვიცი, რაზეა დამოკიდებული. მინდა შევახსენო ყველას, რომ ახლა არ არის არც წითელი ხაზების დრო და არც წერტილის დასმის დრო. ახლა არის დრო დიალოგის და შეთანხმების იმიტომ, რომ ორ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი უწევს საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელში, რომელზეც საუბარი იქნება არამხოლოდ ამ კონკრეტულ შედეგებზე, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს მომავალ პერსპექტივაზე და ევროკავშირთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს შეხვედრა თუ ცუდად დამთავრდა საქართველოსთვის, ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ევროპული და ზოგადად, დასავლური კურსისთვის’ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა  მედიასთან.

მისივე თქმით, აქციები იქნება, თუმცა, შეცვლილი ფორმატით, რომელზეც ოპოზიცია ერთიანად შეთანხმდება.

„თუ მოვახერხეთ შეთანხმება იმ პუნქტებზე, რომელიც ჩამოწერა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება თავის ადგილზე. ვიდრე არსებობს რიტორიკა, რომ „ვადამდელი არჩევნები არ განიხილება“, „მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო“, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი ზედმეტია“ – აცხადებს უდუმაშვილი.

მისივე თქმით, ერთადერთი პირობაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან აუცილებლად უნდა იჯდეს ნიკა მელია.

ოპოზიციური ლიდერები ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არიან შეკრებილები.   

მსგავსი თემები