„გირაოს გამო პოლიტიკოსებს ციხეში არ უშვებენ, პროცესი პარლამენტში უნდა დასრულებულიყო“ – ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ლევან იოსელიანის განცხადებით, გირაოს გამო პოლიტიკოსებს ციხეში არ უშვებენ და მელიასთან დაკავშირებული პროცესი პარლამენტში უნდა შეჩერებულიყო.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მელიას ციხეში ჩაჯდომა არა ერთი კონკრეტული პარტიის, არამედ, ქვეყნის პრობლემაა.

„შეგვეძლო, ეს პროცესი პარლამენტში შეგვეჩერებინა. გირაოს გამო პოლიტიკოსებს ციხეში არ უშვებენ და ხომ ვიცოდით, ამას რა შედეგი მოჰყვებოდა? ქვეყანა ამ შედეგისგან უნდა დაგვეზღვია. დღეს კიდევ უფრო რთულია მოლაპარაკება, ვიდრე ორი კვირის წინ იყო. ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ, სადაც ქვეყნის ინტერესები უნდა განხორციელდეს. პოლიტიკა არ კეთდება სიყვარულით და სიძულვილით“ – განაცხადა მელიამ.

მისივე შეფასებით,  ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციას ვერ აიძულებს ილაპარაკოს.

„ერთმანეთის ლანძღვას ვუყურებთ ამდენი წელია. ეს პოლიტიკა თუ არ შევცვალეთ, ვერაფერს მივიღებთ, ვერც მრავალპარტიულ პარლამენტს და სულ დაპირისპირება იქნება. ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეებს განსხვავებული აზრის წარმოდგენა სურთ პარლამენტში… შარლ მიშელი ვერ გააკეთებს იმას, ოპოზიცია აიძულოს, რომ ერთმანეთთან დაჯდეს და ილაპარაკოს. მან ისედაც ბევრი გააკეთა, ორივე მხარე ერთმანეთთან დასვა და დაუდო დღის წესრიგი, რომელიც ორივე მხარის წუხილებს გამოხატავს და თქვა, რომ მნიშვნელოვანია ამაზე მოვილაპარაკოთ“ – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მსგავსი თემები