“ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას სახელწიფო ბოდიშს ხვალ აუცილებლად მოუხდის” – ადვოკატი

  •  

სახალხო დამცველმა დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოს “სასამართლო მეგობრის” სტატუსით მიმართა. როგორც დღევანდელი სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღწერილია “ის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დაარქვა”.

“ეს დოკუმენტი არის ამ პროცესების ნეიტრალური არბიტრის, სახალხო დამცველის შეფასება მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, სადაც საუბარია და აღწერილია არამარტო ის დაბრკოლებები, რომელსაც ვაწყდებოდით, არამედ ის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დაარქვა და ძალიან ლოგიკური დასკვნა აქვს გაკეთებული სახალხო დამცველს, რომ ეს პროცესი ხორციელდება არა მართლმსაჯულების ინტერესებით, არამედ სხვა მიზეზებით, რაც ნიშნავს, რომ ის ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა დაცვის და თავისუფლებათა შესახებ მე-18 მუხლის მიზნებს. „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება მე-18 მუხლზე აპელირებით, მე სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული, დღემდე არ მახსოვს”,- განაცხადა მშვენიერაძემ.

რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, მშვენიერაძის თქმით, ბრალდების მხარე ცდილობს, რომ დანაშაულის ილუზია შექმნას.

“პროკურატურას აქვს არჩეული სტრატეგია, რომლითაც საუბრობს ყოველ მესამე მტკიცებულებაზე, რომლიდანაც ცდილობს ამოგლიჯოს გარკვეული სიტყვები და დანაშაულის ილუზია შექმნას, რაც უბრალოდ შეუძლებელია მთავარ სასამართლო სხდომაზე ასე დარჩეს. ეს შეიძლება იოლად მოახერხოს მედიაში, სადაც ოპონენტი არ ჰყავს, მაგრამ ის ამას ვერ შეძლებს სასამართლოზე. ჩვენ მზად ვართ, ყველა მტკიცებულებას ჩავყვეთ დეტალურად, ყველა მოწმე დაიკითხოს დეტალურად. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს ამ საქმეში. თითოეული დაინტერესებული ადამიანი ღრმად დარწმუნდება ამაში, რომ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას სახელწიფომ დაგვიანებით მოუხადა ბოდიში. მათ ბოდიში დღეს და გუშინ ეკუთვნოდათ, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოუხდიან”,- განაცხადა მშვენიერაძემ.

მსგავსი თემები