შეძახილებით “მონა”, “მოღალატე” – აქცია პარლამენტთან გრძელდება

ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ ხმაურია. შეძახილებით “მონა”, “მოღალატე”  – ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში მისულ დეპუტატებს მიმართავენ.

ადგილზე შეკრებილები ოპოზიცის წარმომადგენლები, რომელიც პარლამენტთან პიკეტირების აქციას მართავენ, ამტკიცებენ, რომ ეს არის მშვიდობიანი შეკრება და შენობის ბლოკირება არ იგეგმება.

“ეს არის მშვიდობიანი, თუმცა ხმაურიანი აქცია. ჩვენ არ ვგეგმავთ შენობის ბლოკირებას, დეპუტატები შევლენ შენობაში, თუმცა მოუწევთ ძალიან ხმამაღალი პროტესტის გაგონება. მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტის შემდეგ ყინული დაიძრა და გამოჩნდა სხივი გვირაბის ბოლოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროტესტი შეწყდება,” – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

მიუხედავად გუშინდელი შეხვედრისა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე კვლავ გაგრძელდება. 

“ვნახეთ რომ არსებითად სხვა დონეზე გადავიდა მოლაპარაკებები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ ბოლომდე შორია. დღის წესრიგში არის პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, მაგრამ ხელისუფლება ჯერჯერობით არ არის მომწიფებული. ამიტომ, საზოგადოებრივი წნეხი და აქციები აუცილებლად გაგრძელდება,”- აღნიშნა “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ. 

პარლამენტთან პიკეტირების აქციაზე, დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან შეკრებილი. მათ სპეციალური კორიდორი აქვთ მოწყობილი. უკვე მოხდა მცირე დაპირისპირებაც – დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. აქედან ერთ-ერთი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო გაზდელიანია.

მსგავსი თემები