სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამზე მერიის თანამშრომელი დააკავა

სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი ჯანმრთელი ხეების გაკაფვის პირობით ქრთამის სახით 8 000 დოლარს ითხოვდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის ერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით: „გამოძიებით დგინდება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს, მათ მიერ შესაძენად შერჩეული მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაწყობად, ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯანმრთელი ხეების გაკაფვას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 8 000 აშშ დოლარის გადახდა.

მიმდინარე წლის 26 თებერვალს სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – აცხადებენ სუს-ში.

მსგავსი თემები