კანაფის თემა კანონით თუ არ დავარეგულირეთ, ვითარება გაგვექცევა ხელიდან – გია ვოლსკი 

ქართულ უნივერსიტეტში ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასთან დასავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას, ან მიიღონ მკაცრი რეგულაციები, ან პროცესი თვითდინებაზე მიუშვან.

​როგორც გია ვოლსკი აცხადებს, კანაფის მოხმარების თემა კანონით თუ არ დარეგულირდა, პროცესები უმართავი გახდება.

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირადად ჩემი მოსაზრება არის ნეგატიური, მაგრამ გვაქვს ეს მოცემულობა. ამ მოცემულობას ან უნდა დავუპირისპიროთ რეგულაცია, ან უნდა მივუშვათ და საკითხი საზოგადოების გადასაწყვეტი გავხადოთ. მართალს მოგვახსენებს არა მარტო ჩვენი ეკლესია, არამედ, სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც, რომლებიც გამოდიან ამ უბედურების წინააღმდეგ, რასაც ნარკომანია ჰქვია. ამ შემთხვევაში კი კანაფის მოხმარებაზე გვაქვს საუბარი. მაგრამ ეს თემა თუ კანონით არ დავარეგულირეთ, ვითარება ხელიდან გაგვექცევა. ეს მითქმა-მოთქმა ჩვენი ბრალია”, – აცხადებს დეპუტატი.

გიორგი ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრის, დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადებაზეც, როდესაც ამ უკანასკნელმა მარიხუანა სოფლის მეურნეობის სხვა კულტურებს, სიმინდს, ლობიოს და ჟოლოს შეადარა.

“ვიღაც ერთმა პარლამენტარმა კანაფი ლობიოს და სიმინდს თუ შეადარა, ეს არ ნიშნავს, რომ იმ კანონმდებლების პოზიციაა, რომლებიც პარლამენტის დარბაზში არიან წარმოდგენილნი“, – განაცხადა  ვოლსკიმ.

დეპუტატ ​გუგული მარღაძის აზრით, საქართველოს უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი აქვს. მსოფლიო ბაზარზე კი შეჯიბრია იმაზე, თუ რომელიც ქვეყანა გაიტანს კანაფს გასაყიდად. “ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია და სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, ჟოლოს, სადღაც მოიყვანენ მარიხუანას. ეს იქნება ლიცენზირებული და იქნება გათვლილი იმაზე, რომ ქვეყნისთვის მეტი მოგება მოიტანოს“, – განაცხადა მაღრაძემ.

მსგავსი თემები