“მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ შემსუბუქებებს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, შემდეგი ნაბიჯები ეპიდვითარების შესაბამისად გადაიდგმება.

“მოგეხსენებათ, გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილებები რეგულაციების უმეტესობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. დღეიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შაბათ-კვირის ჩათვლით, ასევე დღეიდან რეგულაციების სრული დაცვის პირობით, სამთო კურორტებზე იხსნება სასტუმროები, ასევე შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად გაიხსნება საბაგიროები, საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, რესტორნები შაბათ-კვირის გარდა შიდა სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. არასასურსათო ვაჭრობა გაიხსნება შაბათ-კვირის ჩათვლით, მუშაობას განაახლებენ ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სპორტული კლუბები და ასე შემდეგ.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება და მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ასევე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს, ვინაიდან მთავრობას სჭირდება დახმარება და მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდანაც იმისთვის, რომ ეს მიღწეული პროგრესი, რომელსაც ძალიან ეფექტიანად მართავს ჯანდაცვის მინისტრი, შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და არ მივიღოთ გაუარესებული სიტუაცია. ამიტომ, ამ საკითხს სჭირდება კოორდინაცია და ერთობლივი ძალისხმევა.

რა თქმა უნდა, მუდმივად ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და შემსუბუქების თუ შეზღუდვების მიმართულებით შემდეგ ნაბიჯებს ვითარების ანალიზის საფუძველზე გადავდგამთ,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მსგავსი თემები