„თქვენ ირჩევთ კიტოვანის გზას… იმედს ვიტოვებ, სადაც დააანონსეთ ოპოზიციაზე იერიში, ამას არ გააკეთებთ“ – ოპოზიცია ღარიბაშვილს

„იმედს ვიტოვებ, მიუხედავად თქვენი ასეთი ორდღიანი გამოსვლისა, სადაც დააანონსეთ ოპოზიციაზე იერიში, საბოლოოდ, ამას არ გააკეთებთ“ – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი, თავისი რიტორიკით, ირჩევს კიტოვანის გზას.

„გიყვართ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ხსენება. ხან ახსენებთ ილია ჭავჭავაძეს, ხან ნიკო ნიკოლაძეს. სინამდვილეში, ის რიტორიკა, რითაც ორი დღეა გამოდიხართ, ნიშნავს, რომ ირჩევთ ნიკო ნიკოლაძის კი არა, თენგიზ კიტოვანის გზას“ – განაცხადა იოსელიანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მან ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარიაც ახსენა და რაღიბაშვილს მოუწოდა, კონფრონტაციისგან ხელი აიღოს. 

„როდესაც თქვენი წინამორბედი გადადგა და 200 ათასზე მეტი თქვენი მხარდამჭერი გამოეტირა. ამაზე მაინც დაფიქრდით, რატომ ჰქონდა ამ მოვლენას ადგილი. მისი ფოტო 20 ივნისსაც იდო და არავის დაულაიქებია „ფეისბუქზე“. იქნებ იმიტომ მოხდა, რომ დაინახეს, ამ ადამიანმა არ გადადგა ნაბიჯი კონფრონტაციისკენ, იქნებ, ეს დააფასეს საბოლოო ჯამში. იმედს ვიტოვებ, რომ მიუხედავად თქვენი ასეთი ორდღიანი გამოსვლისა, სადაც დააანონსეთ ოპოზიციაზე იერიში, საბოლოოდ, ამას არ გააკეთებთ. საბოლოოდ, თავს დააღწევთ კონფრონტაციას და ზიზღის გზას“ – მიმართა იოსელიანმა ღარიბაშვილს.

ამ წუთებში, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოდის, რის შემდეგაც გაიმართება კენჭისყრა.

მსგავსი თემები