„ნაცმოძრაობასთან” მიმართებაში ღარიბაშვილის რიტორიკა არის სახიფათო” – ალეკო ელისაშვილი

ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები არ მიუთითებს, რომ რაიმე კომპრომისზე წასვლას აპირებს პრემიერ – მინისტრობის კანდიდატი, რომელიც რამდენიმე საათში დიდი ალბათობით პრემიერ – მინისტრად დამტკიცდება,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ღარიბაშვილის განცხადებების ფონზე, რომ ნიკა მელია რამდენიმე საათში დააკავონ, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ არ იცის, რამდენ საათში შეიძლება ეს მოხდეს, თუმცა, მიაჩნია, რომ ღარიბაშვილი განაგრძობს სიძულვილის ენით საუბარს, რაც ამ ქვეყნისთვის კარგი არ არის. ელისაშვილი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზეც მოუთითებს.

„ჩვენ მხოლოდ ორი ხმა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ორნი არ დავუჭრთ ამ მთავრობას მხარს, პირველ რიგში ღარიბაშვილის გამო. ამ ვითარებაში, როცა ქვეყანა ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის იგლიჯება, „ქართულ ოცნებას” უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, რომელიც შეძლებდა გონივრული ნაბიჯების გადადგმას, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრს. ღარიბაშვილი 180 გრადუსით ამის საპირისპიროა, ის არის ძალიან კონფრონტაციული, რადიკალური. მიაჩნია, რომ მთავარი არის გულწრფელად სძულდეს ოპოზიცია, ეს პირიქით, უფრო დაამძიმებს ვითარებას. პოლიტიკური კრიზისი სამოქალაქო დაპირიპირების ზღვარზე ამყოფებს ქვეყანას და ამ ვითარებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში ღარიბაშვილის რიტორიკა არის სახიფათო, წარმოდგენაც კი არ მინდა როგორ შეიძლება ასეთი რიტორიკით და ქმედებებით განვითარდეს მოვლენები. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ყველას დანაშაულია, რომ მეხუთე რაუნდი ჰაერში გამოეკიდა,”- აღნიშნავს ელისაშვილი.

მსგავსი თემები