„ყველა შეზღუდვა, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში მოიხსნება“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში პანდემიური სიტუაცია ისე იმართება, 2-3- კვირაში არსებული შეზღუდვები საჭირო არ იქნება.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართული არ არის, თუმცა, შეზღუდვების მოხსნა განიხილება.

„ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, დღის წესრიგში დგას სარესტორნო ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება. განიხილება ყველაზე მტკივნეული ნაწილი – ზამთრის კურორტების სეზონის დარჩენილ ნაწილში ამოქმედება. არ ვიცი, ზუსტად როდის მოხდება შემდეგი შემსუბუქებები. ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია, რამდენად დააჩქარებს თუ პირიქით, უფრო ფრთხილად მოიქცევა. მაგრამ ჩვენ არ გავჩერებულვართ. რაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყო საქართველომ, იმის შემდეგ ყოველ კვირაში ან ყოველ ორ კვირაში ახალი შეზღუდვის მოხსნა ხდება. ვფიქრობ, ეს გაგრძელდება“ – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე შეფასებით, დადებითობის მაჩვენებელი 3%-ს ქვევით ჩამოვიდა და ამ ციფრის შენარჩუნებას მოსახლეობამ ხელი უნდა შეუწყოს.  

„დადებითობის მაჩვენებელი არ უნდა დავკარგოთ, თორემ შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია“ – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები