„გვიანი იქნება, როდესაც კვლავ დაინახავთ ტანკებს თქვენს ქუჩებში“ – ლიეტუველი დეპუტატი

„გაერთიანდით ახლა, სანამ გვიანი არ არის“ – ასე მიმართავს საქართველოში სტუმრად მყოფი ლიეტუველი დეპუტატი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმას ურჩევს.

„უკვე გვიანი იქნება, როდესაც კვლავ დაინახავთ ტანკებს თქვენს ქუჩებში. პრობლემა ის არის, რომ რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება, თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია პუტინისთვის. შეჩერდით, გთხოვთ! –  ეს განცხადება ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პარლამენტში, დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრის  შემდეგ გააკეთა.

მისი შეფასებით, საქართველომ შეიძლება დაკარგოს ყველაფერი, რადგან კავკასიის რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა და დასავლეთს სჭირდება საქართველო, როგორც ლიდერი.

„ჩემს კოლეგასთან მქონდა საკმაოდ კარგი საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებით. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა საქართველოსთვის ჩნდება შესაძლებლობის ფანჯარა, ვაშინგტონში პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ახალი ევროკავშირის ახალი ენერგიით, რომელიც ფოკუსირებულია დემოკრატიებზე. მსურს, რომ საქართველო იყოს ჩემპიონი ამ რეგიონში, იმიტომ, რომ საქართველო არის ამ პოლიტიკის მატარებელი შუქურა კავკასიაში. თქვენ გაქვთ საკმაოდ რთული ვითარება კავკასიის რეგიონში და იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მზად, რათა რეგიონის სტაბილურობის პროცესში წვლილი შევიტანოთ, გვჭირდება საქართველო, როგორც ლიდერი, როგორც ჩემპიონი. სწორედ ამისთვის საჭიროა, რომ შიდასახელმწიფოებრივ დონეზე ვითარების დეესკალაცია მოახდინოთ, გამონახოთ დიალოგის გზები. გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი შესაძლებელი გაერთიანებისთვის! იმედს ვიტოვებ, ორივე მხარე საკუთარ თავში იპოვის ძალას ამის გასაკეთებლად,“- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა მედიასთან.

მსგავსი თემები