მთავრობა 2021 წელს სწრაფი აღდგენის წლად აცხადებს

ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კანდიდატების მოსმენა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. როგორც ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ საკომიტეტო მოსმენაზე გააცხადა, 2021 წელი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის წელი იქნება.

„2021-24 წლებში საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში 5.3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით. 2020 წელს გაუმჯობესდა ჩვენი სავაჭრო დეფიციტი, ანუ დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს იყო. რა თქმა უნდა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგიც, რომელიც, მიუხედავად პანდემიისა, ორიენტირებული იყო საექსპორტო წარმოების გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე“ – განაცხადა თურნავამ კომიტეტის სხდომაზე.

მისივე შეფასებით, დადებითი მაჩვენებელს ვინარჩუნებთ საერთაშორისო გადაზიდვების კუთხითაც.

„დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა საერთაშორისო გადაზიდვებში და ესეც იმ პოლიტიკის შედეგია, როდესაც ჩვენ, 2020 წელს, ანტიკრისიზული ღონისძიებების შედეგად უზრუნველვყავით ჩვენი პორტების, რკინიგზის, ჩვენი სახმელეთო გადამზიდავი კომპანიების უსაფრთხო ფუნქციონირება და მთლიანად, სხვადასხვა სატრანსპორტო დარგის მიერ. გასულ წელს გადაზიდული ტვირთების მაჩვენებელში გვაქვს 1 პროცენტიანი ზრდა, რაც, ცხადია, მოკრძალებული ზრდაა და გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არა გლობალური კრიზისი“ – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მსგავსი თემები