“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დაუყოვნებლივ აიღონ კრიზისის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების ვალდებულება” – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

  •  

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოში მხარეებს პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ დარეგულირებისკენ.

„როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და დაუყოვნებლივ აიღონ ამ კრიზისისა და მის საფუძვლად არსებული უთანხმოებების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების ვალდებულება.

მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოში ჯანსაღი დემოკრატია ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის გახსნის ერთადერთი გზაა

სამწუხაროდ, ბოლო პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებისთვის სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას.

სულ რაღაც ათი დღის წინ მე ხელახლა წარვადგინე აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს კანონპროექტი აჩვენებს აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისადმი, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის წინაშე. თუმცა, ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კონგრესმენის თქმით, გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა დ ნდობისთვის პირობების შექმნის გზით.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ მისწრაფებაში. საერთო დემოკრატიული ღირებულებები როგორც ნატო-ს წევრებს, ისე საქართველოს მსგავს ჩვენს პარტნიორებს შორის, არის ჩვენი უძლიერესი იარაღი მოსკოვში, პეკინსა და სხვაგან ავტოკრატიების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები