საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი მორიგ შეხვედრას გამართავს

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი დღეს რიგით მესამე შეხვედრას გამართავს. სხდომაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე.

სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საარჩევნო დავებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებს. პაპუაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფში ჩართულ მხარეებს გააცნობენ, თუ რა რეკომენდაციების ასახვა არის შესაძლებელი.

„წინა შეხვედრა განსაკუთრებით დავუთმეთ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს და ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროპორციებს. განსაკუთრებით ვკონცენტრირდებით საარჩევნო დავებზე და ადმინისტრაციული რესურსის საკითხებზე. თუმცა, ასევე გვექნება საუბარი წინა საკითხებთან დაკავშირებითაც. შევთავაზებთ გარკვეულ მოსაზრებებს, რისი ასახვა არის შესაძლებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სამუშაო ჯგუფში მონაწილე მესამე სექტორის წარმომადგენლის, ვახუშტი მენაბდის განმარტებით, ამ ეტაპზე არ იცის, შედგება თუ არა მმართველ გუნდთან შეთანხმება საარჩევნო რეფორმაზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების დროს ოპოზიციის ხმა გადამწყვეტი იყოს, ასევე ცენტრალურ საკითხებს შორის არის ადგილობრივ დონეზე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

„პირველ რიგში, ვისაუბრებთ ადგილობრივ დონეზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე და ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზაციაზე, ოღონდ იმგვარად, რომ მათი დანიშვნის პროცესში ოპოზიციის ხმა იყოს გადამწყვეტი, მხოლოდ უმრავლესობამ ვერ შეძლოს გადაწყვეტილების მიღება და ცესკო-ს დაკომპლექტება. ეს არის ცენტრალური თემები“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ჯგუფის მიერ მომზადებული რეფორმა იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო. ამ დოკუმენტის შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა ფუნდამენტურად უნდა გატარდეს. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, მისი დამტკიცება კი პირველ მაისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, მისი პარტია პარლამენტს დატოვებს.

მსგავსი თემები