“გიორგი გახარია იყო ღირსეული პრემიერი, გული მწყდება” – გია ვოლსკი

გიორგი გახარიას მიერ თანამდებობიდან წასვლა გიორგი ვოლსკისთვის მოულოდნელი იყო. ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

როგორც უმრავლესობის წევრი ამბობს, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გული სწყდება. 

“ჩემთვის, პირადად, მოულოდნელი იყო მართალი გითხრათ, იმიტომ რომ, იმდენად ნათელი იყო და იმდენად კითხვის გარეშე ჩაიარა ჩვენმა კონსულტაციებმა უმრავლესობაში იმასთან დაკავშირებით, უნდა შემდგარიყო თუ არა სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოში, რომ მართალი გითხრათ, არ მოველოდი. თუნდაც მისი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, ადვილად შეიძლება დავასკვნათ რაზე იყო საუბარი, სად არის განსხვავება. ირაკლი კობახიძემაც ილაპარაკა ამასთან დაკავშირებით და დამატებითი კომენტარი ამ თემასთან მიმართებაში არ გამაჩნია, ერთადერთი შემიძლია დავამატო, რომ გული მწყდება,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გია ვოლსკი ამბობს, რომ გიორგი გახარია ღირსეული პრემიერ მინისტრი იყო, რომელსაც საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავდა. 

“მინდა გითხრათ, რომ გიორგი გახარია პირველი ნომერი იყო და ღირსეული პრემიერი, რომელსაც საკმაოდ მყარი გუნდი ჰყავდა ჩამოყალიბებული, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით ამ კრიზისის მართვის პერიოდში იყო საკმაოდ ეფექტური.

რეალურად, ვინც გინდა იყოს, გინდა ბიძინა ივანიშვილი, გინდა გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილი ან ნებისმიერი ლიდერი, რასაკვირველია, არის კიდევ საგანგებოდ მნიშვნელოვანი, რამდენად არის მხარდაჭერილი და რა ფუნდამენტი აქვს შექმნილი თავად გუნდში. ვერ იქნებოდა გიორგი გახარია ამდენად კარგი, რომ არ ჰქონდეს ის რესურსი მოზიდული, რასაც “ქართული ოცნების” გუნდი წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, რომ არა ეს ძირითადი საკითხიდან გადახრა, პრაქტიკულად, ჩვენ არ გვქონია არანაირი აზრთა სხვადასხვაობა, არც ერთ საკითხზე,“ –  განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები