„მალე აღვადგენთ წესრიგს და წონასწორობას“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გიორგი გახარიას შემცვლელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი გუნდს მადლობას უხდის არჩევანის მასზე შეჩერებისთვის და პირობას იძლევა რომ წესრიგი და წონასწორობა მალე აღდგება.    

„ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღეა. ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არის უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს. ამისთვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწარაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანას წესრიგი და წონასწორობა სჭირდება.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები