„ქვეყანას კრიზისიდან მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს“ – ოპოზიცია არჩევნებს ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია – ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს ის ნაბიჯია, რომელიც არსებულ კრიზისს განმუხტავს.

„ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაში კანონის უზენაესობა, ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაში მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ტარდებოდა პირუთვნელი არჩევნები და გამარჯვებულს დამარცხებული მიულოცავდა, სადაც ვსაუბრობდით ქვეყნის წარმატებაზე, განვითარებაზე, რაც შეუძლებელი იქნებოდა ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში, ეს იყო ჩვენი მთავარი წუხილი და სწორედ აქედან გამომდინარე ოპოზიციურმა პარტიებმა ამ მძიმე კრიზისული ვითარებიდან გამოსასვლელად დავსახეთ კონკრეტული მიზნები და ამოცანები.

დღესაც ჩვენ ერთგულები ვართ იმ მართლაც გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებების. ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ჩვენი ფასილიტატორების თანდასწრებით, რათა განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ნიკანორ მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე.   

მსგავსი თემები