ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ქართული ოცნების“ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება, დააკავოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მორიგ დრამატულ ეტაპზე მიანიშნებს. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია, არ გაათავისუფლა ყველა პოლიტპატიმარი და 2020 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ახალი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები წამოიწყო, ახლა „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დევნა დაიწყო, როცა სხვა პოლიტიკური, მედია თუ სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ საქმეები რიგშია.

აღსანიშნავი და სიმბოლურია, რომ ნიკა მელიას აბსურდული და ფალსიფიცირებული საქმისთვის დევნიან, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს თბილისში გამართულ აქციას უკავშირდება, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი ძალიან სიმბოლურ საქართველოს პარლამენტის სავარძელში სესიის გასაძღოლად მოიწვია. ყველა ოპოზიციური პარტია მშვიდობიან სოლიდარობას უცხადებს ბატონ მელიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართული ოცნების“ აშკარა სვლას სრულმასშტაბიანი ავტორიტარიზმისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ინგლისური ვერსიაც „ნაციონალური მოძრაობის“ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებას ხელს აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მეტი თავისუფლება – გირჩი“, „გამარჯვებული საქართველო“,„გაერთიანებული საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობა“, „ქრისტიან კონსერვატიული მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“, „ტრიბუნა“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე.

მსგავსი თემები