„პროკურატურის მოთხოვნა დასაბუთებულია“ – ნინა მელიას საქმის პროკურორი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას  საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ პროკურატურის ბრალდება მელიას მიმართ სრულად დასაბუთებულია და სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მოსამართლის გადასაწყვეტია.

„სასამართლო მხარეების პოზიციებს მოისმენს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის დასაბუთებული, არგუმენტირებული, კანონისმიერი, შესაბამისად, გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და ჩვენ სამართლებრივ მოთხოვნას დააკმაყოფილებს“ – განაცხადა პროკურორმა მედიასთან.

მისივე შეფასებით, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, სხვა ალტერნატივა არც არსებობს.

„ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის კანონის დანაწესებთან. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს არ გადახდა, ასევე გირაოს პირობების შეუსრულებლობა, ტირაჟირება იმის, რომ არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და კანონის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ფაქტობრივი მოცემულობაა, რაც საზოგაოდებისთვისაც ცნობილია. სამართლებრივად სისხლის სამართლებრივ სივრცეში სხვა ალტერნატივა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ გამოყენებული იქნას პატიმრობა“ – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკანორ მელიასთვის პატიმრობის საკითხს სასამართლო 16:00 საათზე იმსჯელებს.

მსგავსი თემები