ახალი ენერგეტიკული ბაზრის შესახებ დავით ნარმანიამ ისაუბრა

  •  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ახალი ენერგეტიკული ბაზრის შესახებ გამართულ ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა მომხმარებელთა  შესაძლებლობებზე ელექტროენერგიის ახალი ბაზრის პირობებში. ყურადღება გაამახვილა თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის აუცილებლობაზე.

„ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე მომხმარებლის როლი და ინტერესი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი. ჩვენი მიზანია, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი ბაზრის სტრუქტურა, სადაც ბაზრის მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით.  მნიშვნელოვანია, ბაზარზე გამჭვირვალედ ჩამოყალიბდეს კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს მისცემს არჩევანის გაკეთების საშუალებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.     

სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგიის ახალი საბითუმო და საცალო ბაზრების პირობებში მომხმარებლების შესაძლებლობის შესახებ ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები და ექსპერტები. მონაწილეებს პრეზენტაციები წარუდგინეს სემეკის ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ სუმბაძემ და იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თამარ ბაზღაძემ. 

შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებმა.  

მსგავსი თემები