თბილისში ძველ ავტოფარეხებს ანგრევენ  

თბილისის ისნის რაიონის გამგეობა მოსახლეობის თხოვნით, ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს. ამჯერად, 12 ავტოფარეხის დემონტაჟი ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით, N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ განხორციელდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რაიონის გამგეობაში განუცხადეს, დაპირებისამებრ მოწესრიგდება ტერიტორიაზე მდებარე , N172-ე საჯარო სკოლის შენობასთან მისასვლელი გზა და 120 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. ასევე, დაგეგმილია 1 300 მ2 ფართობზე ასფალტის საფარის დაგება, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტის განხორციელების შედეგად, N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება და განახლდება.

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტალში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათ ავტოფარეხების დემონტაჟის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

„სამაგალითოა ყველა ის მოსახლე, რომელიც მერის ინიციატივას გამოეხმაურა და დღეს, ძველი ავტოფარეხები უკვე არა ერთ მისამართზე დავშალეთ. როგორც მოსახლეობას დავპირდით, ინფრასტრუქტურას მთლიანად ვაწესრიგებთ. ახალ საფეხმავლო ბილიკსაც ვაწყობთ, რაც გადაადგილებას ბევრად უფრო მოსახერხებელს გახდის“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის გამგეობასთან კოორდინაციით, ტერიტორიაზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გამწვანების ზოლის სხვლა-ფორმირებაც ჩატარდა, ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლის ტერიტორიის ირგვლივ ღობის მოწყობას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის შემოგარენში, გარდაბნის გზატკეცილის  N101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის შედაგად გუშინ, 10 სექტემბერს, სამი მოზარდი დაშავდა. ერთ-ერთის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

 

მსგავსი თემები