კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებს საგანგებო განცხადებით მიმართავს

 მსურს, გამოვეხმაურო ე.წ. გავრილოვის დღეებთან დაკავშირებით როგორც ორი წლის წინ განვითარებულ, ისე დღეს მიმდინარე მოვლენებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ლიდერებს და არა ნიკა მელიას.

 დღეს სადეპუტატო იმუნიტეტს ნიკა მელიას კი არ უნდა ვუხსნიდეთ, არამედ პასუხისგებაში უნდა ვაძლევდეთ ამ მოვლენების  ავტორებს. დარწმუნებული ვარ, ე.წ. გავრილოვის დღეების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უახლოეს მომავალში, ხელისუფლების ცვლილებისთანავე მოხდება. მათ შორის, შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს, ვინ მიიღო მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის პარლამენტის შენობაში ამ ფორმით ჩატარებისა და ბატონი გავრილოვის საქართველოში მოწვევის გადაწყვეტილება და რაც მთავარია – რა მიზნით. პირადად მე არ მაქვს კითხვები ბატონ გავრილოვთან, მაგრამ მაქვს მისი მოწვევის ორგანიზატორებთან. 

საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2 წლის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ ნიკა მელიას უკვე მოუხსნა იმუნიტეტი, რასაც მე, როგორც იმ მომენტისთვის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატმა, მხარი არ დავუჭირე!  მეტიც, 2019 წლის 20 ივნისის დილას გავავრცელე საგანგებო განცხადება, სადაც ვითხოვდი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამ მოთხოვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ შევძლებდით თავიდან აგვერიდებინა 21 ივნისის ღამით და შემდგომ განვითარებული მოვლენები.   მე მაშინაც მოვუწოდებდი და დღესაც მოვუწოდებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს, მხარი არ დაუჭირონ ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის ვითომდა კანონიერ მოხსნას!  

მინდა შევახსენო ყველას, პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას – დიახ, ფაშისტურ გერმანიაში, მაშინდელი გერმანული კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე მილიონი ებრაელი გაანადგურეს.

უკანონო კანონებს ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ!       

მსგავსი თემები