პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, საგამოძიებო უწყების მიერ დაყენებული შუამდგომლობის განსახილველად პარლამენტში პროკურორ ამირან გულუაშვილს ელოდებიან.

საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ნიკა მელიას მხრიდან გირაოს არგადახდის შემთხვევში, უმრავლესობა პროკურატურის მიმართვას დააკმაყოფილებს.

„იმ შემთხვევაში, თუ ნიკანორ მელია კანონმდებლობით განსაზღვრულ გირაოს არ გადაიხდის, პარლამენტი და უმრავლესობა ერთხმად, ერთიანი გუნდი მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის შეწყვეტას. ეს იქნება კონკრეტული პასუხი სახელმწიფოს მხრიდან, რომ მისი მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი, თანამდებობის პირი, ვალდებულია, ცნოს სამართლის უზენაესობა“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ.

პარლამენტში 10:00 საათზე გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მისვლას და პროკურორისთვის კითხვების დასმას აპირებენ ნიკა მელიას ადვოკატები გიორგი კონდახიშვილი, დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მსგავსი თემები